მთავარი თემა
რესპუბლიკური პარტიის განცხადება პლებისციტის დანიშვნასთან დაკავშირებით
საქართველოს რესპუბლიკურ პარტიას მიგვაჩნია, რომ საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტის თანახმად საქართველოს პრეზიდენტისა და პარლამენტის არჩევის წესის ცვლილება არ გამოხატავს საქართველოს მოქალაქეთა პოლიტიკურ ხედვას. საკონსტიტუციო ცვლილებების მსგავსი მასშტაბური ცვლილება არ უნდა ხდებოდეს არსებული პოლიტიკური კონტექსტის გათვალისწინების გარეშე.

საქართველოს კონსტიტუცია ადეკვატურად უნდა ასახავდეს საქართველოს მოსახლეობის პრიორიტეტებს, ასევე, არ უნდა იყოს დროებითი ერთჯერადი გადაწყვეტილებების ამსახველი დოკუმენტი. შესაბამისად, მხარს ვუჭერთ პოლიტიკური პარტია “მოძრაობა თავისუფლებისათვის-ევროპული საქართველოს” ინიციატივას დაინიშნოს პლებისციტი - საერთო სახალხო გამოკითხვა განსაკუთრებით მნიშვნელოვან სახელმწიფოებრივ საკითხებზე საქართველოს ამომრჩეველთა აზრის გასაგებად. 

მოვუწოდებთ, საქართველოს მოქალაქეებს გამოხატონ თავიანთი ნება პლებისციტის დანიშვნასთან დაკავშირებით, რაც შექმნის რეალურ პირობას, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა დანიშნოს პლებისციტი და ამ გზით, მისცეს შესაძლებლობა თითოეულ ადამიანს გამოხატოს საკუთარი ხედვა საქართველოს პრეზიდენტი აირჩეს ხალხის მიერ, პირდაპირი კენჭისყრის გზით (დღეს არსებული წესით) და პარტიების ხმები გადანაწილდეს პროპორციულად იმ პარტიებს შორის, რომლებმაც გადალახეს ბარიერი. 

მიგვაჩნია, რომ საქართველოს მოქალაქეების პოზიციის გაუთვალისწინებლობის შემთხვევაში მსგავსი სახის ცვლილება ვერ უზრუნველყოფს ქვეყნის სტაბილური განვითარების ფუნქციას, ვერ შექმნის დემოკრატიული გარემოს. პლებისციტის დანიშვნა და მოქალაქეების ნების გამოხატვა არის შანსი დავასრულოთ დამკვიდრებული მახინჯი პრაქტიკა, რომლის თანახმად კონსტიტუციის ყოველი ცვლილება მორგებული იყო მმართველი პოლიტიკური ძალის ინტერესებს და შევქნათ დემოკრატიული განვითარების კონსტიტუციური საფუძვლები. 


08/05/2017






სიახლეები
სოციალური ქსელი